ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი

პუბლიკა

ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს. „ბათუმელების” ჟურნალისტის თქმით, ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.

„ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ თქვა:

„ეთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს. როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში, ეს არის ის, რასაც ვკითხულობდით რუსულ მედიაში, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგაბნ: როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერ, რაც თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული”.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს სწორედ პლაკატების გაკვრის გამო.

„ბათუმელების” ცნობით, თავდაპირველად ერთი ადამიანი – აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.

ამის შემდეგ აქ შეკრებილმა დემონსტრანტებმა გადაინაცვლეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვეს.

სწორედ აქ დააკავეს აქციის კიდევ 9 მონაწილე.

გამოცემის ჟურნალისტის თქმით, დაკავებულთა შორის არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე, ლალი დგებუაძე, გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე.

„პუბლიკა” ცდილობს შსს-დან ინფორმაციის მიღებას.