ბათუმში, ე,წ, ოცნების ქალაქის მცხოვრებლების მიერ გზის გადაკეტვას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები იმ კრიტერიუმის განსაზღვრას მოითხოვენ, რომლითაც უნდა გაიცეს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში. მათი თქმით, ისინი 2 წელია ელოდებიან პასუხს ხელისუფლებისგან.
„სანამ არ მიიღებს ყველა ოჯახი საჯარ რეესტრის მიერ დადასტურებულ ხელშეკრულებას, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებს თითოეულ ოჯახზე, შემდგომში გახარიასავით ვინმე რომ წავიდეს და შემდეგ, 10-ზე მეტი კრიტერიუმი იქნებაო, რომ მოგვატყუეს, სანამ ეს დოკუმენტით არ იქნება განსაზღვრული, ვაგრძელებთ აქციებს დღესაც, ხვალაც ზეგაც…პოლიციელების საცემად ხომ გაგვხადეს, უარესს გავაკეთებთ“, – აცხადებს აქციის მონაწილე.
„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებისთვის 582 ბინა შენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია დამატებით 900-ზე მეტი ბინის აშენება.
„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს.
„სპეციალური სამთავრობო კომისია “ოცნების ქალაქში” მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს.
პროცესში ჩართულია ოცნების ქალაქის მოსახლეობა და ისინი იღებენ მონაწილეობას კრიტერიუმების შემუშავების პროცესში. “ოცნების ქალაქის” კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაცია Unicef-ის და წითელი ჯვარის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ე.წ “ოცნების ქალაქის” პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.
ე.წ “ოცნების ქალაქის” მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების (582 ბინა) გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 9 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 592 098 ლარს შეადგენს.
ე. წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო“, – აცხადებს სამინისტრო.