უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში დღეს გასამართი საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის. თამაშს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია დაესწრება, რომელიც უკვე ბათუმშია.
„ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.
მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები“, – წერია საბჭოს განცხადებაში.
9 ოქტომბერს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბათუმში სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.