ბათუმში უფასო ტესტირების მსურველებს ქალაქის ყველა პოლიკლინიკა მიიღებს - ეფაძე

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ჟურნალისტებთან აჭარის რეგიონში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ახალი კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში დარეგისტრირდა ახალი 26 შემთხვევა; აქედან 1 გახლავთ საკარანტინე სივრციდან და უკავშირდება საზღვრის კვეთას, 3 სიმპტომებით მყოფი პაციენტებია, რომელთაც მიმართეს ცხელების ცენტრებს; 1 – ძველი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და 21 – ე.წ. დონასთან დაკავშირებული ახალი შემთხვევა, რომელიც გუშინ გამოვლინდა“, – აღნიშნა ნონა ეფაძემ.

ეფაძის განცხადებით, ეპიდკვლევითი და  კონტაქტების მოძიებითი სამუშაოებთან ერთად რეგიონის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

„ქალაქში იყო ორი კარავი, რომელშიც შეეძლო ნებისმიერ მსურველს – იმ ადამიანებსაც, ვისაც შეხება ჰქონდა ამ თუ სხვა შემთხვევებთან – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაეტარებინა ტექსტირება. დღეს 12 საათიდან დაემატება მესამე ლოკაცია ბათუმში. ეს იქნება ანბანის კოშკთან და ყოველდღიურად 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე ჩატარდება უფასო ტესტირება (შუალედში შესვენებით)“, – განმარტა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

ნონა ეფაძის განცხადებით, გაფართოებული ტესტირებების ფარგლებში, პოლიკლინიკა მიიღებს ყველა მსურველს, ვისაც მოუნდება ტესტირების ჩატარება, რისკის თუ უბრალოდ სურვილის გამო.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე დილით განახლდა.

„38 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ – 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 – დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 – შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტების მოძიება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.