ბათუმში, ზღვაში ნაპოვნია 16 წლის მოზარდის ცხედარი, დაკავებულია 3 პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შავ ზღვაში, 16 წლის მოზარდის ცხედარის პოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 2007 წელს დაბადებული ლუკა აბულაძის ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

უწყების ცნობით, დაკავებულია სამი პირი. ერთ დაკავებულს არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო ორს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დაკარგული ლუკა აბულაძე და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა. მოგვიანებით, მან მკვეთრი მანევრით ე.წ გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანმხლებ პირებთან ერთად განაგრძო სვლა.

„გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს. – მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.

მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. – სთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. – ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

16 წლის მოზარდს ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.