ბავშვები მარტონი არიან ძალადობის პირისპირ - ომბუდსმენი 11 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს 11 წლის ბავშვის გარდაცვალების გარემოებები. როგორც მან დღეს განაცხადა, ეს შემთხვევა ცხადყოფს იმ სისტემურ პრობლემას და გამოწვევებს, რაც ბავშვის ძალადობის დაცვის კუთხით არსებობს ქვეყანაში.

23 აგვისტოს პოლიციამ 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამა შვილზე სიტემატიურად ძალადობდა, რამაც გამოიწვია, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა.

ომბუდსმენი წერს რამდენიმე მიზეზის შესახებ, რომლის გამოც ბავშვები საქართველოში მარტონი რჩებიან ძალადობის პირისპირ.

„ჩვენ ქვეყანაში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან:

  • მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით;
  • არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს;
  • სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა;
  • ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას;
  • არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა;
  • არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება;
  • და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში, “- წერს ომბუდსმენი.