ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული - გახარია

პუბლიკა

დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ, ერთ კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განცხადებებიც ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება.

„შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინსიტროში ევალებათ 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად 1 დეკემბრამდე შემოვა, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.