„ბავშვების დანაშაულის აღკვეთას მათი ციხის მსგავს დაწესებულებაში ჩასმა არ შველის“ - თოლორაია „ოცნების“ კანონპროექტზე

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ეხმაურება „ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების შესახებ.

კანონპროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა გადამისამართებას რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში, სადაც დაიგეგმება არასრულწლოვანთა ჩართვა სხვადასხვა სერვისსა და პროგრამაში.

ასევე, კანონით განისაზღვრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა მოთავსება „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში“.

 „დაინიციირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბავშვები 10 წლიდან შესაძლოა, მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში (ანუ აღუკვეთონ თავისუფლება), თუ იგი ჩაიდენს დანაშაულს, რომლის მაქსიმალური სასჯელი 5 წელზე მეტია. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყანაში ქურდობას ჩადის (70-80%): მათ შორის, იპარავენ მურაბებს, ტკბილეულს. ანუ, თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა, მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში. ეს ხელისუფლება ერთ-ერთი რითაც ამაყობდა, იყო არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომლის ასაწყობად ამ ქვეყანაში ბევრმა საჯარო მოხელემ იშრომა.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბავშვების დანაშაულის აღკვეთას მათი ციხის მსგავს დაწესებულებაში ჩასმა არ შველის. ეს არის „პრობლემის” გადაჭრის საბჭოური, ყველაზე ცუდი გზა და შეუძლებელია ეს ემსახურებოდეს ბავშვის ინტერესს. ამ პროცესიდან ბავშვი მოგებული ვერ დარჩება, ვერც გადარჩება და ვერც რეაბილიტირდება. ბავშვებს სჭირდებათ გამართული განათლების, სოციალური მომსახურებისა და მხარდაჭერის სისტემები, რაც ჩვენს ქვეყანაში არათუ წინ, არამედ უკან წავიდა და ამ ხელისუფლებამ ამ სფეროების განვითარების ნაცვლად, ეს მოიფიქრა – 10, 11, 12, 13 წლის ბავშვების დახურულ დაწესებულებაში გამოკეტვა“, – წერს ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში.

მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მას, ვისაც ჯერ არ შესრულებია 14 წელი.

კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ის, რომ 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმი, წაახალისებს კანონსაწინააღმდეგო ქცევას. კანონპროექტის ავტორთა თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე შემუშავდა კანონი თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონის ძირითადი ნორმები 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

უფრო დეტალურად კანონპროექტის შესახებ იხილეთ „პუბლიკის“ მასალა.