ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში, დღეის მონაცემებით, 600 868 ბავშვი დარეგისტრირდა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული.

„ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების მხარდაჭერის სოციალური პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი რიცხვებია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ბოლო წლებში განვახორციელეთ და რომლის მიზანიც ბავშვების მხარდაჭერაა“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომარზე.

მისივე თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

„ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნიათ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ“, – განაცხადა პრემიერმა.