15 წლის ლუკა სირაძის დედა, ელიკო ჩხიტუნიძე ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ლუკა პოლიციაში დაიბარეს. მას „მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდნენ.
“10 დეკემბერს დიდუბის პირველი განყოფილებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი მიმეყვანა და მივსულიყავი. მარიანა ვარ, ჩოლოიანი, მითხრა გამომძიებელმა” – იხსენებს ლუკას დედა.
განყოფილებაში მისვლისას გამომძიებელმა ბავშვს ჰკითხა იცოდა თუ არა, რის გამო იყო დაბარებული. “არ იცი ვაჟბატონო? -ასე მიმართა ლუკას. უარი რომ მიიღო, აი, ჩვენ ვიცითო და მიუთითა მწვანე სკოლის წარმომადგენელზე”.
“არ იცი, კედელები ვინ მოხატა? დაფა და ჟურნალი ვინ გააფუჭა?” – კითხვას სვამს გამომძიებელი ჩოლოიანი.
ბავშვი უარყოფს. მარიანა ჩოლოიანი კი ეუბნება, რომ ვიდეო ჩანაწერებიც აქვს და მოსწავლეებმაც ის დაასახელეს. მისი ტონი არის უხეში და გაბრაზებული. “კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია?”, აღიარე ჩქარა დანაშაული” – დედის მონათხრობის მიხედვით ასე მიმართავდა ჩოლოიანი ლუკას. ლუკაც გაბრაზდა, მარიანა ცდილობდა რომ ბავშვი გაეღიზიანებინა და მდგომარეობიდან გამოეყვანა, ხოლო გაბრაზებულ ბავშვს ეუბნებოდა რომ მისი ქცევა, მისი ჩაცმულობა, გადახოტრილი თმა, კაპიუშონი მიუთითებდა, რომ ის დამნაშავე იყო.
“იცი სად გიკრავ თავს? სადაც საჭიროა, და იქ მოგხედავენ”. – დედის თქმით ასე მიმართავდა ლუკას გამომძიებელი
დედა ეხევწებოდა ლუკას, რომ დამშვიდებულიყო. ეუბნებოდა, რომ დაეწერა აღიარება. – “მერე მეც ავნერვიულდი და ტირილი დავიწყე”.
მან დაურეკა უფროს შვილს, სამხედრო აკადემიის სტუდენტ, ბექა სირაძეს, რომელიც ლუკას ძალიან უყვარდა და მისთვის მაგალითი იყო. დაურეკა, რათა მოსულიყო და ლუკასთვის ერჩია აღიარების დაწერა. ბექა გორიდან არ გამოუშვეს. ამის შემდეგ ჩოლოიანმა ხელახლა დაიწყო ზეწოლა.
“იცი რას უზამენ შენს ძმას? გამოაგდებენ სასწავლებლიდან, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებს. – დედის მონაყოლის მიხედვით, ამბობს ჩოლოიანი. – ეს ჩემს თვალწინ ხდება. ყველაფერი მესმის, სხვებსაც ესმით. ამაზე ბავშვი სულ გაგიჟდა, ადგილს ვეღარ პოულობდა.
არამარტო ჩოლოიანი, არამედ იქ მყოფი 4 თუ 5 პიროვენება, ყველა ეუბნებოდა, ის ურჩევნია შენს ძმას, ჩაალაგოს ჩემოდანი, იმიტომ, რომ იქიდან გამოაგდებენ, ვაი შე საცოდავო, არ იცი რა მოელის შენს გამო შენს ძმას?”
ამის შემდეგ ჩოლოიანს მოჰყავს ლუკას მეგობარი, გოგონა”მწვანე სკოლიდან, დედასთან ერთად. სთხოვს თქვას, რომ მან დაინახა ლუკა, რომელიც მწვანე სკოლაში კედელს აფუჭებდა. ბავშვი ამას უარყოფს და ამბობს რომ ასეთი რამ არ უთქვამს. “ბავშვი ცუდად გახდა, სულ კანკალებდა, აღარ ვიცოდი რა მექნა. დედამისმაც შენიშვნა მისცა გამომძიებელს, ასე ნუ ელაპარაკებით ჩემს შვილსო, ჩოლოიანი მასაც დაემუქრა, რომ გარეთ გააბრძანებდნენ და სოციალური სამსახურის მეშვეობით დაკითხავდნენ მის შვილს.
ჩოლოიანი აშანტაჟებდა გოგონასაც, რომ დედამის აჩვენებდა მის მიმოწერას ლუკასთან, რაზეს გოგონა ამბობდა, რომ ისეთ არაფერი ეწერა და თუ სურდა ეჩვენებინა”.
ამის შემდეგ შემოჰყავთ სხვა მეგობარი, ბიჭი, მშობელთან ერთად, ცალკე კითხავენ და აცილებენ. ჩოლოიანი კი ლუკას ეუბნება, რომ მეგობარმა მას დაადო ხელი
ლუკა ამბობს, რომ ამას არ იტყოდნენ. აქ ისევ აღელდება და ახსნებს სიტყვა ძაღლს, რაზეც ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი წამოდგა და გინება დაიწყო.
“რაღაც საწაულები ხდებოდა ყველა მხრიდან გინება, შანტაჟი, მუქარა.
გინებაზე კაბინეტიდან გამოვიდა ოპოლიციის უფროსის მოადგილე ლევან მამასახლისი და ბავშვი კაბინეტში შეიყვანა. გამოვიდა ასე 7 წუთის შემდეგ, სახეალეწილი, თვალები აწყლიანებული ჰქონდა. ვკითხე, ხომ არ გცემეს მეთქი, ბავშვმა არ თქვა მაგრამ ნამდვილად ვიტყვი, რომ გარტყმული ჰქონდა სახეში. ძალიან შეაშინეს.
დაჯდა ტირილით, ნერვებმა უმტყუნა, მიაღწიეს იმას რომ ბავშვი გატყდა, წაშლილი იყო. შეიძლება სასწრაფო გამოვიძახოთო? იკითხა მან, მაგრამ ჩოლოიანმა შეაწყვეტინა, რომ თუ კი საჭიროდ ჩათვლიდა სასწრაფოს თვითონ გამოიძახებდა.
იმდენიც ვერ ვიძალე რომ სასწრაფო გამომეძახებინა”.
ამის შემდეგ ჩოლოიანი ინტერესდება ლუკას ალიბით, რადგან დედა ამბობს, რომ კონკრეტულ დროს ბავშვი ქართულის მასწავლებელთან იყო, რომლის ნომერიც სახლში, ბლოკნოტში ეწერა. ჩოლოიანი პოლიციის თანამშრომელთან ერთად სახლში აგზავნის. ამ ხნის მანძილზე ლუკა პოლიციაში იყო.
მრავალსაათიანი ზეწოლის შემდეგ ბავშვი დათანხმდა, რომ აღიარებითი ჩვენება დაეწერა. უკვე 5-ის ნახევარი იყო და ვერ მოასწრეს, გამოუშვეს და მეორე დღისთვის დაიბარეს.
“მივედით 11 საათზე, ისევ ჩაეძია თავიდან. აღიარებითი ჩვენება არ შედგა. უფრო მეტს ითხოვდა ვიდრე აღიარებითი ჩვენება იყო. რაღაც მესიჯებზე. ადექით, წადით და მე მივხედავ ამ საქმესო მოკლედ, გამოგვყარა. წამოვედით სახლში. ლუკამ აიღო წიგნები, წავიდა მასწავლებელთან. რომ დაბრუნდა, მერე სულ ნახევარი საათი ვიყავით ერთად. სულ ერთი ლუკმა პური შეჭამა”.
გავიდა ცოტა ხანი და ლუკამ გადაწყვიტა გარეთ გასულიყო, ბოტასები და ქურთუკი ჩაიცვა, თქვა, რომ სახლში იმ ღამით არ დაბრუნდებოდა. დედა შეეხვეწ,ა დარჩენილიყო და უხსნიდა, რომ პოლიცია მაინც იპოვნიდა მას და დააწერინებდა ჩვენებას. ლუკა გაიქცა, დედამ ჩოლოიანთან დარეკა და ჰკითხა, რა უთხრეს ასეთი, რომ ბავშვი ასე ააღელვეს. შენს შვილს დაურეკე და ჩამოიყვანე გორიდან, ის მოგეხმაროსო უპასუხა ჩოლოიანმა. ჩვენ არაფრით შეგვიძლია დახმარებაო.
“მე დავურეკე ბექას, ბექამ მეგობრებს, და ყველანი ვეძებდით.
და მერე მოხდა ის, რა მოხდა.
როდესაც ჩოლოიანმა ეს გაიგო მაშინ დამირეკა და მეკითხება ხომ არ გამოჩნდაო, მერე, როცა მომიკლა ბავშვი, მეუბნება, თუ გამოჩნდეს, გამაგებინეო”.
2019 წლის 11 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძე საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
17 დეკემბერს ლუკა, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
საქმეზე მხოლოდ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.