საქართველოს პარლამენტი ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს,“ – განაცხადა კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.
ბრიფინგზე სოფო კილაძემ ცხელი ხაზის შესახებაც ისაუბრა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით – 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა ის სერვისი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს – სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, ძალადობის წინააღმდეგ და ა. შ. .
სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან კი ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.
„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.