ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, უნივერისტეტის C კორპუსში აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. აღნიშნული გარემოების გამო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლისთვის C კორპუსის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ილის უნივერსიტეტის C კორპუსში ბავშვის განვითარების ინსტიტუტი მდებარეობს, რომელიც 2014 წელს დაარსდა. ცენტრში სერვისს 180-მდე ბენეფიციარი იღებს.

„ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. წლების განმავლობაში, ჩვენ ამ ინსტიტუტის შენებასა და განვითარებაში დიდი ადამიანური და ემოციური რესურსი ჩავდეთ.

თუმცა ემოციების მიღმა, მაშინ როცა არჩევანი დგას ბავშვების უსაფთხოებასა და მათთვის აუცილებელი სერვისების უწყეტად მიწოდებას შორის, ჩვენგან რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი მოქმედება გახდა საჭირო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დაეხურა C კორპუსი, რომლის ჭერქვეშ ბავშვებისა და სტუდენტების ყოფნა, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, საფრთხის შემცველია.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში.

რაც შეეხება შენობას, ამჟამადაც მიმდინარეობს საბოლოო მოკვლევა C კორპუსის შესაძლო სარეაბილიტაციო გეგმის შესახებ.“ – ვკითხულობთ ბავშვის განვითარების ინსტიტუცის განცხადებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტაზე ინფორმაცია დღეს ბენეფიციარი ბავშვის მშობელმა გვანცა გულიაშვილმა გაავრცელა. ამის შესახებ მან ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

„შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის, საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე, დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე.

აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვიდ სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონესთვის დიალეზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს, აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე.“ – წერს გვანცა სოციალურ ქსელში.

ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც.

თბილისის მერიის განცხადებით, თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავარიულად მიჩნეული C კორპუსში განთავსებული ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, რომელიც მომსახურებას უწევს 82 აუტისტური სპექტრის მოზარდს, ვერ მოიძიებს ალტერნატიულ ფართს, მერია ბენეფიციარებს სხვა ცენტრებში გადაანაწილებს და მომსახურების გარეშე არ დატოვებს.