ბავშვის მიმართ ძალადობაზე შეტყობინება არ შემოსულა – შსს-ს განმარტება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასრულწლოვანის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში ამბობენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სურთ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.

გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, “- ამბობენ უწყებაში.

23 აგვისტოს პოლიციამ 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამა შვილზე სიტემატიურად ძალადობდა, რამაც გამოიწვია, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა.