ბავშვს ბანაკში დასაძინებლად დამამშვიდებელი დაალევინეს, ბანაკის დამფუძნებელი ბოდიშს იხდის

პუბლიკა

Facebook-ზე მშობელმა თაკო კოსტავამ დაწერა, რომ მის შვილს ზამთრის სასრიალო ბანაკში დამამშვიდებელ წამლებს ასმევდნენ.

მისი თქმით, ბავშვს დამამშვიდებელი „ვალერიანი” ძილის წინ, მასთან შეთანხმების გარეშე მისცეს, ასევე, დაალევინეს ხველის წამალი.

„ზამთრის სასრიალო ბანაკებში როცა გაუშვებ შვილს, თურმე იმაზეც უნდა ინერვიულო ძილის წინ ვალერიანის დამამშვიდებლით რომ არ დააძინონ. კარგად გამოკვლეულ და ნაქებ ბანაკში გავუშვი ანდრო და რომ ჩამოვიდა, ღამის სამ საათამდე ვერ დაიძინა. მიზეზი რომ ვკითხე, იქ ძილის წამალს მასმევდნენ როცა ვერ ვიძინებდი და შემდეგ მარტივად მეძინებოდაო.

ძილის გარდა, თურმე ხველის წამალსაც ასმევდნენ, არც ერთ წამალზე ინფორმაცია არ მქონია. სამწუხაროდ, ბანაკელმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ თუ ღამე ვერ დაიძინებენ, არსებობს წამალი რომელიც დააძინებთ – როგორია?

კიდევ უამრავი რამით ვარ უკმაყოფილო. მაგრამ. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ანდროს, რომელსაც adhd აქვს და არანაირი დამამშვიდებელი არ მიმიცია არასდროს, ბანაკში იმდენად უპასუხისმგებლო ექიმი შეხვდა, რომ ალბათ არც წაიკითხეს ეს ინფორმაცია, როცა მივაწოდე”, – წერს თაკო კოსტავა.

მშობელს თავის ფბ-პოსტში ბანაკი არ დაუსახელებია. თუმცა,  პოსტს უპასუხა „მწვანე ბანაკის” დამფუძნებელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა. მან მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ იღებს პასუხისმგებლობას და ბოდიშს იხდის.

„ბანაკში ოთხი ნდობით აღჭურვილი ექიმი მყავს, რომლებიც ცვლიან ერთმანეთს და მაქვს მათთან მკაცრი წესი/შეთანხმება, რომ მშობლის ნებართვის გარეშე არცერთი (!!), არანაირი მედიკამენტი არ მისცენ ბავშვს.

სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაირღვა ორი ბავშვის შემთხვებაში, რომელთაც, თითო აბი მწვანე ვალერიანი მისცა ერთ-ერთმა ექიმმა თვითნებურად. ასევე, ყელის საწუწნი მწვანე აბი, isla moos, უვნებელი, გვერდითი ჩვენებების გარეშე.

თუმცა, მიუხედაცად ამისა, ნებისმიერი მედიკამენტის მიცემა ბავშვისთვის უნდა იყოს შეთანხმებული მშობელთან! საჯაროდ ვიხდი ბოდიშს და ყველანაირ ზომას მივმართავ, რომ მსგავსი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს”, – დაწერა მაკუნა გოჩიაშვილმა.