„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, არასერიოზულს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ უარი თქვა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის აშენებაზე.
მისივე თქმით, „არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია, NATO-ს ქოლგაა ერთადერთი გარანტი“.
„წყარო ლიკა ვიღაცა გვარი ეწერა, რომელიც არის ამბის წყარო, ეს ხომ არასერიოზულია – ეს ერთი.
ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, არის NATO-ს წევრობა.
თქვენ იცით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ NATO-ს ქოლგა.
რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, ჯერ წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს…
ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?! NATO-ს ქოლგაა ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი არასერიოზული“, – განაცხადა კობახიძემ.
„მთავარმა არხმა“ 12 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ჰქონდა შეთავაზება: „აშშ მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში“. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.