ბაზრობები, მუნიციპალური ტრანსპორტი ძალიან სენსიტიური თემაა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი – თურნავა შემსუბუქებაზე

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, არასასურსათო ვაჭრობა და მუნიციპალური ტრანსპორტი არის ის ორი საკითხი, რომელიც სენსიტიურია და მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება შეზღუდვების შემსუბუქებისას. თურნავას თქმით, 1 თებერვლამდე შეზღუდვები გრძელდება, მაგრამ ამ და სხვა სფეროებში რეგულაციების შემსუბუქებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„1 თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ რეჟიმს, რაც ყველა აქამდე შეზღუდული აქტივობის იმავე რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს. თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა, მათ შორის, ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი არის ორი ძალიან სენსიტიური თემა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და თებერვლიდან შევძლოთ, შემსუბუქებამ არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რომელიც ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიურად.

მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს. 1 თებერვლიდან რა რეჟიმი ამოქმედდება, ამაზე ვიმუშავებთ ჩვენ დარჩენილ 2-3 კვირაში. ყველაზე დიდი ალბათობა არის ვაჭრობა. რადგან ვაჭრობის სფეროში დაამტკიცეს, რომ მათ ძალიან კარგად შეუძლიათ, დაიცვან წესები. ამ დღეებში მათთან კიდევ ვიმუშავებთ. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე და მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება მომდევნო დღეებში“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 1 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებისთვის აუცილებელია კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების დინამიკა. ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი საკმარისი არ არის.

„დღესდღეობით მაინც ძალიან მაღალი რიცხვია – 1500-დან 2000-მდე მერყეობს და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ სტაბილიზაციას არაფერი დაემუქრება. მაგრამ ვმსჯელობთ აქტიურად, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიზნესის დროული ამოქმედება არის ასევე კრიტიკული საკითხი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე პანდემიასთან ბრძოლა“, – თქვა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.