BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით სუსში ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გამოიკითხნენ

პუბლიკა

BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გამოჰკითხეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ უწყებაში დაუდასტურეს.

სუსმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.


BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.

ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.

BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, რომლიც ნამდვილობაც დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ქიმიური სითხე, კოდით – UN1710, რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.

გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.

BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.