BBC: რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არიან ჩარჩენილი

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი. ისინი იძულებულები არიან, სარდაფის ტიპის სივრცეში იცხოვრონ, გარეთ გასვლის უფლების გარეშე.

მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ციხეებიდან რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები.

მათ რუსეთში დაბრუნება ეკრძალებათ, თუმცა უფრო შორს წასვლის უფლებაც არ აქვთ. ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში საქართველოსა და მოლდოვის გავლით დაბრუნებაა. თუმცა, როგორც BBC წერს, ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც დაკეტილია.

BBC-ის ცნობით, ივნისში, დაახლოებით 30-მა ადამიანმა დატოვა საზღვარი ამ მარშრუტით. უკრაინის მოქალაქეობის დადასტურების შემდეგ, საქართველომ მათ ტრანზიტის უფლება მისცა.

ისინი ესკორტის თანხლებით გადაიყვანეს თბილისის აეროპორტში, საიდანაც კიშინიოვში გაფრინდნენ, შემდეგ კი ავტობუსით ოდესაში გაემგზავრნენ.

გამოცემა წერს, რომ მომდევნო ჯგუფს აცნობეს, რომ მათ შეშვებაზე მოლდოვამ უარი თქვა.

ორგანიზაცია „უკრაინის პატიმრების დაცვის“ იურისტის, ანა სკრიპკას თქმით, მიზეზი „თეთრი პასპორტის“ ოთხი მფლობელი იყო. „თეთრი პასპორტი“ უკრაინის საელჩოს მიერ გაცემული მოწმობაა, რომელიც უკრაინაში დაბრუნების უფლებას იძლევა. მათ საქართველო დატოვეს, მაგრამ ოდესაში ვერ ჩავიდნენ.

„მოლდოვაში ჩასული ადამიანები პოლიციის კონტროლის ქვეშ ჩასვეს ავტობუსში, შემდეგ დამოუკიდებლად გაემგზავრნენ. ზოგმა ვერ ჩააღწია. ეს იყო სწორედ პრობლემა, მათ მოლდოვაში დარჩენის უფლება არ ჰქონდათ, მათ არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდათ, უკრაინაში დაბრუნების მოწმობის გარდა – კონკრეტულად უკრაინაში და არა მოლდოვაში“, – ამბობს ის.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რომლის კომენტარი სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს, თქვა, რომ შეისწავლეს და დადგინდა, რომ უკრაინის მოქალაქეებს „ჩადენილი აქვთ არაერთი, მათ შორის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, დანაშაული“.

„მათი საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩადენილი აქვთ დანაშაული. მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება.

ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა, გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, – ამბობს დარახველიძე.

BBC-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების ნაკადი გაიზრდება. მათ ინფორმაციით, დაახლოებით, 800 ადამიანს გააძევებენ რუსეთის უცხოელთა დროებითი დაკავების იზოლატორებიდან.

„ეს არ ნიშნავს, რომ 800-ვე ადამიანი საქართველოში აღმოჩნდება, თუმცა ეს საკმაოდ რეალურია. სექტემბერში ეს რიცხვი შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს“, – ამბობს BBC-სთან მარია ბელკინა, ორგანიზაცია „მოხალისეები თბილისის“ დირექტორი.

ანა სკრიპკას თქმით,  2022 წლის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ სულ 3100 ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც მაშინ ციხეში იმყოფებოდნენ.

მათგან 1800 უკრაინის ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებიდან რუსეთში გადაიყვანეს. ორგანიზაციამ უკრაინაში დაახლოებით 500 ყოფილი პატიმრის დაბრუნება მოახერხა, რომელთა უმეტესობა საქართველოს გავლით ტრანზიტით გადაიყვანეს.

თუმცა პრობლემა წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა: „ქვეყნებს შორის ცუდი კომუნიკაცია. ჩვენ ამ საკითხზე ორი წელია ვყვირით. ყველამ იცის, რომ ისინი ლარსის გავლით მოძრაობენ და იქ არსებული პირობები აუტანელია. ეს ერთი დღის პრობლემა არ არის, არამედ 2023 წლის“ – ამბობს ანა სკრიპკა BBC-სთან.