BBC: რუსული მხარის ცნობით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყო

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაზე შტურმი დაიწყო. შენობას შესაძლოა, ამ დრომდე მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაზე შეტევის დაწყების შესახებ განაცხადა.

„ნაწილობრივმა შეტევითმა ჯგუფებმა, რომლებიც სპეციალურად შეირჩნენ ამ ობიექტზე თავდასხმისთვის, უკვე დაიწყეს მუშაობა. ამაში კარგად გვეხმარება რუსული ავიაცია და არტილერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინელი ხალხის ეს ფსევდოდამცველები დანებდებიან, ხალხი მშვიდად ამოისუნთქავს და მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესახებ აღარასოდეს გავიგებთ“, – განუცხადა „როსია 24-ს“ ედუარდ ბასურინმა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის წარმომადგენელმა.

BBC-ის ინფორმაციით, „აზოვსტალს“ ამ დრომდე აკონტროლებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, კერძოდ 36-ე საზღვაო ბრიგადა და აზოვის პოლკი. ორშაბათს, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, მიხაილ ვერშინინმა CNN-ს განუცხადა, რომ საჰაერო თავდასხმების გამო „აზოვსტალის“ ტერიტორიას დაახლოებით 1 000 ადამიანი აფარებდა თავს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მარიუპოლიდან ბერდიანსკამდე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ სამშაბათს დილით მან განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ გახსნილა.

BBC ასევე აღნიშნავს, რომ საომარ ვითარებაში ოფიციალური პირების განცხადებების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხერხდება.