სოხუმში, მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში სასტუმრო „პრეზიდენტის” გახსნა იგეგმება, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში განაცხადა.
„არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, განახორციელონ ინვესტიცია მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. ექსპერტიზა დაინიშნა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის აღდგენა, დატოვება ან მისი დანგრევა მოგვიწევს. ვფიქრობ, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. იმიტომ, რომ ინვესტორები, დაინტერესებულნი არიან“, – განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიამ ისაუბრა როგორც „პრეზიდენტ ოტელის“ გახსნაზე, ასევე ვლადისლავ არძინბას სახელობის მოედნისა და აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის მოწყობაზე.
ასლან ბჟანიას ინიციატივას აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქი“ გამოეხმაურა. ორგანიზაციისთვის მიუღებელია ქართულ-აფხაზურ ომში „გამარჯვების სიმბოლოს“ „სხვა საინვესტიციო ობიექტად“ გადაქცევა.
სოხუმის თავისუფლების მოედანზე მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელიც 1993 წლის ომის დროს დაიწვა, დღემდე არ აღუდგენიათ.