ბჟანიას თქმით, თუ „ოპოზიცია" „პარლამენტის" შენობას დატოვებს, მზადაა, არჩევნები დანიშნოს

პუბლიკა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, თუ „ოპოზიცია” პარლამენტის შენობას დატოვებს, მზად არის, დანიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

„არის უდიდესი ზეწოლა პარლამენტის დეპუტატებზე, რომ მათ მიიღონ უკანონო გადაწყვეტილება და გადააყენონ პრეზიდენტი. ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მაგრამ რომც მიიღონ, არ შესრულდება. არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ძალაუფლებას ვებღაუჭები. მაგრამ, თუ ჩვენ კონსტიტუციას არ დავიცავთ, ქვეყანა ვერ გაუძლებს.

ამიტომ, იმათ, ვინც დაიკავა პარლამენტის შენობა, ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ის უნდა გაათავისუფლოს. ამის შემდეგ მზად ვარ, გადავდგე და მანამდე ქვეყანას ვიცე პრეზიდენტი მართავს და დავნიშნო არჩევნები. დაე, ხალხმა თქვას, ვის უჭერს მხარს”, – თქვა ასლან ბჟანიამ დღევანდელ მიმართვაში.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები ასლან ბჟანიას წინააღმდეგ.

მათი პროტესტის მიზეზი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებაა, რომელიც 30 ოქტომბერს გაფორმდა და რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები ოკუპირებულ აფხაზეთში. შეთანხმებას ე.წ პარლამენტის რატიფიცირება სჭირდებოდა, რაც პროტესტის შედეგად ჩავარდა. დოკუმენტი გაიწვიეს.

პროტესტების დროს ე.წ ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“.