ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


ბადრი ესებუას ძმა – ბიძინა ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”, – წერს შსს.