ბებიის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, კახეთში, ბებიის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

უწყება აცხადებს, რომ ბრალდებულის შერაცხადობის დადგენის მიზნით ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა მძევლად აიყვანა მისი ბებია და მოკვლის მუქარით საზღვარგარეთ მყოფი მეუღლის მასთან მიყვანას ითხოვდა.

სამართალდამცველების დროული და ეფექტური ჩარევის შედეგად დაზარალებული უვნებლად გაათავისუფლეს, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება, დაზარალებულის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.