„ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალის სინოფსისი ცნობილია

პუბლიკა

Amazon Studios-მა „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალის სინოფსისი გამოაქვეყნა. კომპანიამ დაადასტურა, რომ სიუჟეტი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის შემოქმედებას დაეყრდნობა.

პირველად TheOneRing.Net-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ამ ეპიკურ დრამაში მოქმედება „ჰობიტამდე“ და „ბეჭდების მბრძანებლამდე“ ათასობით წლით ადრე ვითარდება. სერიალი მაყურებელს ამოგზაურებს ეპოქაში, როდესაც დიადი ძალები გამოიწვრთნენ, როდესაც სამეფოები აყვავდნენ შემდგომ კი, ნანგრევებად იქცნენ  და უჩვეულო გმირები გამოიბრძმიდნენ“.

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სინოფსისში ასევე აღნიშნულია, რომ „ყველაზე დიდი ვილანი, რაც კი ტოლკინის კალამს დაუწერია, შუამიწეთს წყვდიადში გახვევით ემუქრება“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, „უდიდესი ვილანი“ საურონი იქნება.

სერიალში ვიხილავთ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ პერსონაჟებს, რომლებიც შუამიწეთში დაბრუნებულ ბოროტებას უნდა შეებრძოლონ.

„დაბურული მთების ბნელი კუნჭულებიდან, ელფების ქალაქ ლინდონის საოცარ ტყეებამდე, სუნთქვისშემკვრელ სამეფო კუნძულ ნუმენორიდან რუკის უშორეს წერტილებამდე – ეს სამეფოები და პერსონაჟები ისეთ მემკვიდრეობას დატოვებენ, რომელიც მათი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგაც განაგრძობს არსებობას“.

უკვე ცნობილია მსახიობთა ნაწილის ვინაობაც, რომლებიც სერიალში მიიღებენ მონაწილეობას: სინტია ადაი-რობინსონი („სპარტაკუსი“), ბენჯამინ უოკერი („ზღვის გულში“) და პიტერ მალენი (Westworld).

კომპანია სერიალის 5 სეზონზე ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამჟამად „ბეჭდების მბრძანებლის გადაღება“ ახალ ზელანდიაში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, პრემიერა მიმდინარე წლის ბოლოს ან 2022 წელს შედგება.