„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 12 პუნქტზე სამუშაოდ ხელისუფლების შემუშავებულ ფორმატში ჩაერთოს.
„პალიტრანიუსის“ ეთერში მან განაცხადა, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობენ. ბეჟაშვილის თქმით, ამის მიზეზი ევროპარლამენტარების მოწოდებაა, ჩაერთონ 12 პუქნტზე სამუშაო პროცესებში.
„მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა მათი თხოვნა იყო, რომ ოპოზიციას ნებისმიერი საშუალება გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ არ მიგვეცა საშუალება „ქართული ოცნებისთვის, რომ პროცესი რამენაირად ჩიხში შეეყვანა და ოპოზიციისკენ გაეშვირა ხელი. ჩვენთვის მათი ეს გზავნილი მნიშვნელოვანია, ეს განმსაზღვრელიც არის, ჩვენ პარტიაში დავიწყეთ ამაზე მსჯელობა და საუბარი, რომ შესაძლოა ეს ბოლო სასაუბროც კი „ქართულ ოცნებას“ აღუკვეთოთ და მათ შორის სამუშაო ჯგუფებშიც მივიღოთ მონაწილეობა…
…ამაზე უკვე მიდის პარტიაში მსჯელობა, რადგან იმდენად მკვეთრი, იმდენად ცხადი თხოვნა იყო. ევროპარლამენტარებისთვის გასაგებია ეს ფორმატი და საითკენ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ეს ვითარება, ამიტომ იყო თხოვნა, შუამდგომლობა, რომ გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის საბოტაჟი მოახდინოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.