ბედნიერი ვარ, რომ პოლიტიკაში ჩემი კარიერის დასაწყისის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია - კალაძე

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

„როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე“, – წერს კალაძე Facebook-ზე და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს აჯამებს.

თბილისის მერი წერს, რომ ქვეყანაში გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი, ხელშეუხებელია სიტყვის თავისუფლება, დაიხვეწა საარჩევნო რეფორმა, ქვეყანა გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის წესსა და პროპორციულ არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილი კი ამ ყველაფრის შემოქმედი იყო და მისივე წერილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ვრცლად ასახავს ივანიშვილის დამსახურებას ქვეყნის პოლიტიკაში.

„ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას.

ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება, არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც. დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.

ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად“, – წერს კახა კალაძე.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილი დღეს გამოაქვეყნდა. „ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს“, – წერდა ივანიშვილი.