გასულ ღამეს ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ რამდენიმე მედია და პოლიტიკური მოძრაობის საიტზე წვდომა შეზღუდა, მათ შორის „რადიო თავისუფლების“ , სატელევიზიო არხი „ბელსატისა“ და „ევრორადიოს“, ასევე გაზეთ „სოლიდარობის“ საიტებზე.
42.tut.by ავრცელებს იმ მედიასაშუალებების სრულ სიას, რომელზეც წვდომა შეზღუდულია.
ამას გარდა, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინსკში 21 აგვისტოს მილიციამ დააკავა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მოსკოვის ბიუროს თანამშრომლები, იულია ვიშნევეცკაია და ანდრეი კისილიოვი, რომლებიც ბელარუსში იმყოფებოდნენ იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად.
„ჟურნალისტები საბუთების შემოწმების მიზნით, მინსკის სატრაქტორო ქარხანასთან გააჩერეს და რამდენიმე საათით ჰყავდათ დაკავებული მილიციის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვიშნევეცკაია და კისილიოვი დეპორტირებული არიან ბელარუსიდან და მათ ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა“, – წერს გამოცემა.