ბელარუსში, 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთმა მონაწილემ, 18 წლის დმიტრი სტრახოუსკიმ თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მის მიმართ ბელარუსში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული მასობრივი არეულობის საქმეზე.
სწორედ ბელარუსის ხელისუფლება და გამოძიება დაადანაშაულა თავის გადაწყვეტილებაში სტრახოუსკიმ თვითმკვლელობამდე. მისი მეგობრები გამოცემა Belsat-თან ჰყვებიან, რომ დმიტრი საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა, მაგრამ უკანონო არაფერი ჩაუდენია.
25 მაისს 18 წლის სტრახოუსკი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, რის შემდეგაც მან მეგობრებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა და თავი მოიკლა. როგორც ბელარუსული მედია წერს, სტრახოუსკიმ მეგობრებს უთხრა, რომ თვითმკვლელობა სწორი არჩევანი არ იყო, მაგრამ ციხეში წასვლა არ შეეძლო.
ბელარუსის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების გამო არაერთი მოქალაქის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც. ბელარუსის დატოვება მოუწია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკას მთავარ მეტოქეს სვეტლანა ციხანოუსკაიას.
23 მაისს კი ბელარუსის ხელისუფლებამ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, ძალის გამოყენებით მინსკში დასვა.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რომან პრატასევიჩი, ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, რომელიც თვთმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.
რომან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა ამჟამად მინსკში დაპატიმრებული ჰყავთ. თვითმფრინავის მგზავრები იხსენებენ, პრატასევიჩი მინსკში დაშვებისას შიშობდა, რომ მას ბელარუსში სასიკვდილო განაჩენი ელოდა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ტერორიზმის საქმეზე.
როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, მინსკში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მისი მეგობარი ქალის მიმართაც, სოფია საპეგას მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედება ბრალი. მისი მშობლები კი ამბობენ, რომ საპეგას საპროტესტო აქციებში მონაწილეობაც კი არ მიუღია.