ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი და პუტინის ახლო მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკო 30-წლიან მმართველობას მე-7 ვადით იხანგრძლივებს.
სამთავრობო ტელევიზიით გადაცემული ეგზიტპოლის მიხედვით, ლუკაშენკომ ხმების 87,6% აიღო.
მოჩვენებით არჩევნებში ლუკაშენკოს ოთხი ფორმალური მოწინააღმდეგე ჰყავდა. საარჩევნო კომისიის განცხადებით, აქტივობამ 81,5% შეადგინა და ხმის მიცემის უფლება 6,9 მილიონ ადამიანს ჰქონდა.
პროცესს არ აკვირდებოდნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები. ეუთომ (OSCE) 9 იანვარს განაცხადა, რომ ბელარუსის მთავრობამ ორგანიზაცია დამკვირვებლად არ მიიწვია და ამით ეუთოსთან დადებული ვალდებულებები დაარღვია.
არჩევნები ბელარუსში ბოლოს 2020 წელს ჩატარდა და ლუკაშენკო გამარჯვებულად ხმების 80%-ით გამოცხადდა.
შედეგების გასაპროტესტებლად მინსკში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ლუკაშენკოს რეჟიმმა საპროტესტო აქციები ძალადობრივად დაარბია და მოქალაქეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა დაიწყო.
საპროტესტო აქციების ფარგლებში 65 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაიხურა და უკანონოდ გამოცხადდა ასობით დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია.