აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას აქვეყნებს. აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, რომელიც „არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“.
„იყო მკაცრი შეზღუდვები კანდიდატთა საარჩევნო ხელმისაწვდომობაზე, საარჩევნო უბნებზე არ უშვებდნენ ადგილობრივ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, იყენებდნენ დაშინების ტაქტიკას ოპოზიციური კანდიდატების მიმართ, პროცესი გააუარესა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაკავებამ“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
სახელმწიფო დეპარტამენტი წუხილს გამოთქვამს, რომ ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) დროულად არ მიუღია მიწვევა, რათა თვალ-ყური ედევნებინათ საარჩევნო პროცესისთვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყოველი ხელისუფლების ლეგიტიმურობის საძირკველია.
„მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი ეცით მოქალაქეების უფლებას – რომ შეძლონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებაში, რომლის წინააღმდეგაც ძალას არ გამოიყენებენ და გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებულები. ჩვენ მკაცრად ვგმობთ, მომიტინგეთა მიმართ ძალადობას და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაკავებას, ასევე ინტერნეტის გათიშვას, რომელიც ემსახურება ბელორუსის მოქალაქეებისთვის არჩევნებისა და დემონსტრაციის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ, როგორც ბელორუსის მეგობარი სახელმწიფო, მხარს უჭერს ბელორუსის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ასევე ბელორუსის მოქალაქეთა მისწრაფებებს დემოკრატიული და წარმატებული მომავლისაკენ.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცმებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.