ბელარუსისთვის 3-მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი გაყინული რჩება, ვმსჯელობთ დამატებით სანქციებზე - ფონ დერ ლეიენი

პუბლიკა

ევროკავშირი მინსკში სამოქალაქო თვითმფრინავის ძალის გამოყენებით დასმისა და მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაკავების გამო ბელარუსისთვის ახალ სანქციებზე მსჯელობს.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ბელარუსისთვის გამოყოფილი 3-მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი გაყინული იქნება მანამ, სანამ მინსკში დემოკრატიის გზას არ დაუბრუნდებიან. ამასთან, ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ სხვა სახის სანქციებზეც მსჯელობენ. მათ შორის სანქციები შეიძლება ამოქმედდეს ბელარუსის საავიაციო სექტორის და იმ კომპანიების მიმართ, ვინც ლუკაშენკას ხელისუფლებას აფინანსებს. სანქციები შეიძლება შეეხოს თვითმფრინავის დასმის ოპერაციაში მონაწილე პირებსაც.

„ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ ამ რეჟიმზე მანამ, სანამ ის საბოლოოდ არ სცემს პატივს მედიისა და აზრის თავისუფლებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ბელარუსსა და ევროპის ქვეყნებს შორის დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბელარუსის ხელისუფლება. ევროპაში მსჯელობენ, როგორ უპასუხონ ლუკაშენკას გუშინდელ ნაბიჯს. უკრაინამ და ლიეტუვამ ბელარუსთან ავიამიმოსვლა უკვე შეაჩერეს.

ბელარუსის ხელისუფლებამ კი დღეს ახალი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ინფორმაცია მიიღეს, რომ თვითმფრინავში პალესტინის ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ბომბი იყო და თვითმფრინავი აფეთქების საშიშროების გამო შეაჩერეს.


ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, მინსკში გუშინ ძალის გამოყენებით დასვა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.

საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ერთი მგზავრის გამოკლებით.

ბელარუსელმა სამართალამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ს ყოფილი რედაქტორი, რომან პრატასევიჩი.