ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის რომან პრატასევიჩის მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა მინსკში დააპატიმრეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
თავდაპირველად საპეგას, რომელიც პრატასევიჩთან ერთად მგზავრობდა, მინსკში თვითმფრინავის ძალის გამოყენებით დასმის შემდეგ ვილნიუსში გაფრენის საშუალება არ მისცეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დააკონკრეტა რა ბრალდებით დააკავეს სოფია საპეგა, მხოლოდ მიუთითა, რომ ის ბელარუსის საგამოძიებო უწყებების მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.
რუსული მედიაგამოცემა „ნოვაია გაზეტა“ კი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სოფია საპეგას 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში მასობრივი არეულობების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედება ბრალი.
იმ პერიოდში, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციები ბელარუსის სპეცდანიშნულების რაზმებმა არაერთხელ დაშალეს, დაშავდნენ და დააკავეს მოქალაქეები.
სოფია საპეგას მშობლები კი ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი პოლიტიკით დაინტერესებულიც კი არ ყოფილა. საპეგას დედა ანა დუდიჩი BBC-ის რუსულ ბიუროსთან ჰყვება, რომ სოფიას საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა არ მიუღია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 9 აგვისტოს ის მშობლებთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდა, ხოლო 11-12 აგვისტოს ლიეტუვაში გადავიდა.
საპეგა უნივერსიტეტს ამთავრებს და მთლიანად მასზე იყო გადართული. შესაბამისად, არეულობების ორგანიზებაში მონაწილეობა სრული სიცრუეა.
საპეგას დაკავების შემდეგ ბელარუსის პროსახელისუფლებო Telegram არხმა გამოაქვეყნა სოფიას ნახევარწუთიანი ვიდეოჩანაწერი, მისი დაკავების შემდეგ. ჩანაწერში ის „აღიარებს“, რომ მართავს ერთ-ერთ Telegram არხს – „ბელარუსის შავ წიგნს“, რომელიც ბელარუსის ძალოვან უწყებებში დასაქმებული პირების პერსონალურ ინფორმაციას აქვეყნებს. თუმცა, ჩანაწერი ხანმოკლეა და საპეგა დეტალებს არ ჰყვება.
რუსული გამოცემა „რია“ რუსეთის საელჩოს პრესატაშეზე დაყრნდობით წერს, რომ სოფია საპეგა დაკავების შემდეგ თავს კარგად გრძნობს და „შეუსაბამოდ არ მოპყრობიან“.
ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, მინსკში 23 მაისს ძალის გამოყენებით დასვა.
ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.
საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ორი მგზავრის გამოკლებით.
ბელარუსელმა სამართალდამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ის ყოფილი რედაქტორი, რომან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა.
ამას დასავლეთის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ლუკაშენკას ხელისუფლების მოქმედებას აშშ-ის საელჩომ „შემზარავი“, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა. მკაცრი რეაქცია ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებსაც, შედეგად, ბელარუსმა ლატვიელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და ლიეტუვამ კი 24 მაისს ბელარუსში ფრენები შეაჩერეს.
გუშინ გავრცელდა ევროპული საბჭოს განცხადებაც, რომელშიც ბელარუსისთვის დამატებითი სანქციები იყო დაანონსებული.
ამასთანავე, საბჭომ მოუწოდა ევროპულ კომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლისგან. ბელარუსული ავიაკომპანიები კი შესაბამისი ზომების შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცესა და აეროპორტებს ვეღარ გამოიყენებენ.
მინსკში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, თუმცა უწყებას არც ჟურნალისტის დაკავება უხსენებია და ბელარუსის ხელისუფლების კრიტიკაც დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით უფრო მოზომილი იყო.
„ჩვენ მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვებას დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ მის ბორტზე მყოფი მოქალაქეების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ფრენის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საგარეო უწყებასთან შედარებით უფრო მკაცრი იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურება. „მიუღებელია „რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, – წერდა პრეზიდენტი.