ბელარუსში დღეს მოჩვენებითი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლიდანაა და პუტინის ახლო მოკავშირეა, 30-წლიანი მმართველობის გახანგრძლივებას მე-7 ვადითაც გეგმავს.
2025 წლის არჩევნებში ლუკაშენკოს ოთხი ფორმალური მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა მინსკში თითქმის არ არის საარჩევნო ბილბორდები და პროცესით თავად ლუკაშენკოც არ ინტერესდება.
ავტორიტარი ლიდერის განცხადებით, ის საარჩევნო კამპანიას არ აკვირდება, რადგან „დრო არ აქვს“.
22 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, უარყოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რადგან პროცესი „მოჩვენებითია“.
რეზოლუციაში წერია, რომ არჩევნები მიმდინარეობს „რეპრესიულ გარემოში, რომელიც დემოკრატიული არჩევნების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს“.
2025 წლის არჩევნებს არ აკვირდებიან დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები. ეუთომ (OSCE) 9 იანვარს განაცხადა, რომ ბელარუსის მთავრობამ ორგანიზაცია დამკვირვებლად არ მიიწვია და ამით ეუთოსთან დადებული ვალდებულებები დაარღვია.
არჩევნები ბელარუსში ბოლოს 2020 წელს ჩატარდა და ლუკაშენკო გამარჯვებულად ხმების 80%-ით გამოცხადდა.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მინსკში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ლუკაშენკოს რეჟიმმა საპროტესტო აქციები ძალადობრივად დაარბია და მოქალაქეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა დაიწყო.
საპროტესტო აქციების ფარგლებში 65 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაიხურა და უკანონოდ გამოცხადდა ასობით დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია.