ბელორუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით. მათი დიდი ნაწილი უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოპოზიციონერი ალექსანდრე კონოუკის საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ მას ბრალად ედება ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას.
პროკურატურის განცხადებით, ამგვარი გაერთიანების ჩამოყალიბება არ არის ნებადართული კანონით და არაკონსტიტუციურია.
ტიხანოვსკაიას მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან: ხელოვანები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები.
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც არჩევნების შემდეგ ლიეტუვას შეაფარა თავი, კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა და სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„ჩემო ძვირფასო ბელარუსებო, საწარმოების თანამშრომლებო, თქვენ ხართ მომავალი ბელარუსის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილების მომავალი თქვენს ერთიანობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, გთხოვთ: გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვა; არ შეშინდეთ; იყავით ერთად!“ – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია ვიდეომიმართვაში.
უკვე 12 დღეა, ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს წასვლას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ.
წინა კვირას, 16 აგვისტოს, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი აქციები გაიმართა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. BBC-ის ცნობით, დაგეგმილია მასშტაბური აქცია მომდევნო კვირისთვის.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი; დაღუპულია 4 დემონსტრანტი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი აცხადებს, რომ არჩევნებში 60-70%-იანი მხარდაჭერით თავად გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ.