ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კალესინკოვა გაიტაცეს - ადგილობრივი მედია

პუბლიკა

ბელარუსში დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კალესნიკოვა გაიტაცეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TUT.BY ავრცელებს.

გამოცემა ერთ-ერთ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ კალესნიკოვა მინსკის ცენტრში, ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან იყო, როცა მასთან ნიღბიანი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები მივიდნენ, პოლიტიკოსი მიკროავტობუსში ჩასვეს და დაუდგენელი მიმართულებით წავიდნენ.

როგორც ბელარუსული გამოცემა წერს, კალესნიკოვას მობილური ტელეფონი ჩართულია, მაგრამ ზარს არავინ პასუხობს. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრესსპიკერმა ანტონ როდნეკოვმა TUT.BY-ს განუცხადა, რომ კალესნიკოვა დღეს დილით მინსკის ცენტრში საქმეებზე იყო გასული, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდებიან.

TUT.BY წერს, რომ მოგვიანებით მიუწვდომელი გახდა თავად როდნეკოვის მობილური ტელეფონიც, ასევე ვერ უკავშირდებიან საკოორდინაციო საბჭოს აღმასრულებელ მდივანს ივან კრავცოვს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსულ გამოცემა РИА Новости-ის განუცხადეს, რომ კალესნოკავას დაკავების შესახებ არაფერი იციან.