ბელარუსში სახელმწიფო ობიექტებში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა – ადგილობრივი მედია

პუბლიკა

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვა განახლდა. კვირას, 23:59 საათზე ლუკაშენკოსთვის ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ობიექტების საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა. ციხანოუსკაიას თქმით, ეს არის ლუკაშენკოზე ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტი და „შემდეგი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“.

როგორც ბელარუსის მედია წერს, გუშინ ციხანოუსკაიას გამოსვლას არაერთ დაწესებულებაში გამოეხმაურნენ, გაიფიცა ქარხნების, ფაბრიკებისა და სხვა ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილი.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გუშინ გაფიცვა დაიწყო აზოტის ქარხნის 100-მდე მუშამ, სადაც მოგვიანებით პოლიცია მივიდა და მათი ნაწილი დააკავა. ქარხნის ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ მათ მუშაობას პრობლემა არ შექმნია.

იგივე განაცხადეს ბელარუსის ნავთობისა და ქიმიკატების კომპანიაში, სადაც ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები გაფიცვაში არ მონაწილეობდნენ.

როგორც გამოცემა „ბელსატი“ წერს, არ დადასტურებულა ინფორმაცია რომელიმე სახელმწიფო კომპანიის მუშაობის მთლიანად შეჩერებაზე. თუმცა, გამოცემის მიხედვით, ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს სხვადასხვა ქარხნის მუშების გაფიცვა და გაჩერებული საწარმოო პროცესი.

როგორც „ბელსატი“ წერს, გაფიცულთა შორის არიან ბელარუსის ელექტროტექნიკური ქარხნის, მინსკის საავტომობილო, ტრაქტორების ქარხნებისა და სხვა მსხვილი დაწესებულებების მუშები.

გაფიცულ მუშებსა და სხვა დასაქმებულებს გუშინ სოლიდარობა გამოუცხადეს ბელარუსმა სტუდენტებმა და მოქალაქეებმაც.

სამართალდამცველებმა საპროტესტო გამოსვლები ძალის გამოყენებით კიდევ ერთხელ დაშალეს. პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა. თუმცა, პროტესტი, რომელიც უკვე 80 დღეა გრძელდება, დღეს ისევ განახლდა.