ბელარუსში საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემა TUT.BY-ის ინფორმაციით, დღეს, 19 აგვისტოს ბელარუსში, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 43 წლის გენადი შუტოვი.

გამოცემა ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შუტოვი 11 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე, ქალაქ ბრესტში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ახლობლები თვითმხილველის მონათხრობზე დაყრდნობით გამოცმას უყვებიან, რომ გენადი შუტოვს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ის არც კონფლიქტში მონაწილეობდა.


გენადი შუტოვამდე ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 19 წლის აქტივისტი დაიღუპა. იქამდე კი კიდევ ორი დემონსტრანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო თავდაპირველად არ ადასტურებდა. ერთ-ერთი დაღუპულის, ალექსანდრე ტარაიკოვსკის შესახებ თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს მას ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდა, თუმცა გარდაცვლილის პარტნიორმა მედიასთან განაცხადა, რომ ცხედრის დათვალიერებისას მას კიდურებზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ასევე, Associated Press-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ტარაიკოვსკის სავარაუდო ბოლო წუთები ჩანს და ის არ ემთხვევა გარდცვალების ოფიციალურ ვერსიას.