ბელეცკი „აზოვსტალზე“: გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება

პუბლიკა

„ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ გარნიზონი, პოლკი კავშირშზეა. მე ვიცი, რაც ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში. ნუ მოგვაყენებთ ზიანს, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!”, –  აცხადებს „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი ანდრეი ბილეცკი. ის საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მარიუპილის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან, რათა პროცესი არ დაზიანდეს.

მისი თქმით, ჯარისკაცებმა 82 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოლეს რუსი დამპყრობლის წინააღმდეგ, საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვების პირობებში.

„მათ გააკეთეს ისეთი რამ, რაც უნდა შევიდეს სამხედრო სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, ისინი ჯერ კვლავ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენის ოპერაციას. დიდი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება „აზოვსტალში“, ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს მთელ მსოფლიოს გაუზიაროს – დაიტოვეთ ისინი თქვენთვის“, – განაცხადა ბილეცკიმ და დასძინა, რომ 2-3 დღეში თავად გარნიზონი გააკეთებს განცხადებას ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.


16 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 264 უკრაინელი ჯარისკაცი  „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონბასის რეგიონშია ევაკუირებული.

ქარხნიდან გაყვანილი ჯარისკაცების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს რუს ტყვეებში გაცვლიან. ევაკუაციის პროცესში გაერო და წითელი ჯვარი ჩაერთნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გუშინ, 16 მაისს განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების მიმართ უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანება – პერსონალის სიცოცხლის გადარჩენა იყო.