ბელგიის მიგრაციის მინისტრის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ბელგიას სურს, ევროკავშირმა შეაჩეროს ვიზების გაცემა რუსეთის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, სტუდენტებზე, დასაქმებულებსა და ტურისტებზე – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„რუსეთის უგუნური თავდასხმა გვაიძულებს, რომ ვიყოთ უფრო ფრთხილად რუსების სურვილთან, ჩამოვიდნენ ბელგიაში“, – აცხადებს სემი მაჰდი, სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში და დასძინა – „ამ დროისთვის რუსები არ არიან სასურველი სტუმრები, ზოგადად, რუსებისთვის ვიზის აკრძალვა ტაბუირებული არ უნდა იყოს“.
მისივე თქმით, შეზღუდვები უნდა შეეხოს როგორც ხანგრძლივს, ასევე, ხანმოკლე ვიზიტებს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის დღეს ევროკავშირის სხვა 26 ლიდერს შეხვდება და რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებს.