ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შიდა ქართლში წლების განმავლობაში მოქმედებდა არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა. უწყება ამბობს, რომ ამ ქარხანაში კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
საგამოძიებოს განცხადებით, ამოღებულია 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. საქმესთან დაკავშირებით 7 პირი დააკავეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში – დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები“, – წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
საგამოძიებოს ცნობით, საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.