ბენ კარდინი: დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელიცაა და იმედგამაცრუებელიც

პუბლიკა

აშშ-ის სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ „საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია”, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ანგარიშები ცხადყოფს, რომ „საქართველოში არჩევნების დღე დაზიანდა ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებითა და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით“.

„ეს მოხდა იმ წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ, რომელიც დაბინძურებული იყო ე.წ „გამჭვირვალობის კანონით“, რომელიც ანადგურებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს.

ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა საქართველო არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული უკანდახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს დასავლურ ინსტიტუტებში – ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ – მისწრაფებებს, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. მე გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში“, – განაცხადა ბენ კარდინმა.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

საია-მ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა და ცესკოს მიმართა, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში დუბლირებული სიების გააქტიურება.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.