ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში მორიგ შეტევას „მალე დაიწყებს"

პუბლიკა

გუშინ ღამით ისრაელმა ისევ მიიტანა საჰაერო იერიში ქალაქ ღაზაზე. ერთ-ერთ საკვებ ობიექტთან დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი.

გარდა ამისა, ისრაელმა დაბომბა ჟურნალისტების კარავი შაიფას საავადმყოფოს წინ. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, „ალ ჯაზირას“ 2 ჟურნალისტი, ასევე, 3 ფოტოჟურნალისტი.

მედიები წერენ, რომ კარავს პრესის ნიშანი ჰქონდა.

ისრაელი ამტკიცებს, რომ „ალ ჯაზირას“ ერთ-ერთი მოკლული ჟურნალისტი „ჰამასის“ წევრი იყო. ისრაელის არმიის მტკიცებით, ეს დაზვერვის ინფორმაციით და დოკუმენტებით დასტურდება.

თუმცა, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ირინ ხანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ისრაელის ეს ბრალდებები დაუსაბუთებელია.

„როიტერის“ ცნობით, ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ 10 აგვისტოს, გვიან ღამით განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისაუბრა „ისრაელის გეგმებზე, ღაზაში ჰამასის დარჩენილი დასაყრდენების კონტროლის აღების შესახებ“.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ არ განიარაღდება მანამ, სანამ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.

8 აგვისტოს ისრაელის პოლიტიკურ-უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ახალი სამხედრო სტრატეგია ქალაქ ღაზის დასაკავებლად. ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ გეგმა მოიცავს ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და პირდაპირი სახმელეთო შეტევის დაწყებას. ამავე დროს, ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ „ისრაელი არ აპირებს ღაზას სამუდამოდ ოკუპაციას, რომ მიზნად ისახავს უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნას და საბოლოოდ კონტროლის გადაცემას ალტერნატიული მმართველი სტრუქტურისთვის, რაც დემილიტარიზაციაზე გაამახვილებს ყურადღებას“.

9 აგვისტოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პალესტინელთა ტანჯვის დასრულების შესახებ ახალი განცხადებები გაკეთდა – გაეროს ელჩებმა დაგმეს ისრაელის გეგმა, „დაამყაროს კონტროლი ქალაქ ღაზაზე“. უშიშროების საბჭოს ეს შეხვედრა სასწრაფოდ დაინიშნა ნეთანიაჰუს 8 აგვისტოს განცხადებების შემდეგ.

10 აგვისტოს ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელმა „სამუშაო უნდა დაასრულოს“ და „ჰამასი“ დაამარცხოს. მისი თქმით, „ღაზის სექტორში ახალი შეტევის მიზანია „ჰამასის“ ორი დარჩენილი დასაყრდენის დაკავება, ვინაიდან პალესტინური დაჯგუფება უარს ამბობს იარაღის დაყრაზე“.

ნეთანიაჰუმ ასევე თქვა, რომ ღაზაში ისრაელის ახალი შეტევა „მალე დაიწყება“ და, სავარაუდოდ, „საკმაოდ სწრაფად“ დასრულდება.

გაერომ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ 2025 წლის მაისის ბოლოდან საკვების გამანაწილებელ პუნქტებთან 1373 პალესტინელი დაიღუპა. მათ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ესროლეს.

ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ სატვირთი დახმარების მანქანებს „ჰამასი” ძარცვავს და ცეცხლსაც „ჰამასი“ ხსნის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ყალბია ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ღაზიდან ვრცელდება და რომელზეც ღაზაში მოშიმშილე ბავშვები არიან ასახული.