ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა პრემიერ-მინისტრს ინფიცირებულთან კონტაქტი.
„ვაწარმოებთ ეპიდემიოლოგიურ გამოძიებას, რომლის შედეგებიც გვიკარნახებს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის რეკომენდაციებს”, – წერია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ნეთანიაჰუ აქამდე ორჯერ იმყოფებოდა იზოლაციაში, ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტის გამო. პირველად მარტში, ინფიცირებულ თანაშემწესთან, ხოლო მეორედ აპრილში, ინფიცირებულ ჯანდაცვის მინისტრთან კონტაქტის გამო.
პრემიერ-მინისტრზე ჩატარებულმა ორივე გამოკვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემთხვევაში 14-დღიან თვითიზოლაციას ითვალისწინებს.