ბექა გრიგორიადისს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მის ძმას — 2500-ლარიანი ჯარიმა

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა გოგოლაძემ მიიღო.

სასამართლომ სამართალდამღვევად ცნო მისი ძმა, კახა გრიგორიადისიც და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პოლიციამ ისინი 5 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავა. შსს ორივე მათგანს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. კახა გრიგორიადისი, დამატებით, წვრილმანი ხულიგნობის საბაბით იყო დაკავებული.

5 ოქტომბრის აქციაზე, სადაც ბექა გრიგორიადისი მივიდა პლაკატით, წარწერით „ირაკლი, ორიენტაციაარეული *ლე”, ე.წ კარვების კანონს აპროტესტებდნენ. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენებას ზღუდავს.