ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

პუბლიკა

ბექა ნაცვლიშვილი პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსს“ ტოვებს,  – ამის შესახებ განცხადებას ის თავად ავრცელებს. მისივე თქმით, ის გააგრძელებს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებერით ბრძოლას და ამბობს, რომ პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო, რომელიმე პარტიას წარმოადგენდე.

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, აჩვენეს ქვეყნისა და ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ერთგულება. პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში.

პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო, რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ის ამას აკეთებს პარტიის სახელით, თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.

სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზიისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს ჩვენი, ისე ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის”, – წერს ნაცვლიშვილი.