ბექა ოდიშარიას ცოლი ადასტურებს, რომ „შპიგელის“ ვიდეოში მათი შვილია - „მონიტორი“

პუბლიკა

პარლამენტის წევრის ბექა ოდიშარიას ცოლი, მაკუნა გამცემლიძე ადასტურებს, რომ ვიდეოში, რომელშიც გერმანელ პოლიციელებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა ასახული, მათი შვილი, ლაშა ოდიშარიაა.

მაკუნა გამცემლიძის კომენტარს „სტუდია მონიტორი“ ავრცელებს:

– თქვენი შვილი არის ვიდეოში, რომელიც ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ „ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები“?

– კი და ანახებს საცხოვრებელ ნებართვას, რომ სტუდენტური „ფერმიშენი“ აქვს.

– საქართველოს პარლამენტს ახსენებს და რა კონტექსტში?

– საგარეოსაც ახსენებს და საკონსულოსაც ახსენებს. თუკი სადმე, რამე ორგანო გაახსენდა, ყველაფერს ახსენებდა, ისე შეეშინდათ ბავშვებს, რომლებიც მიდიოდნენ ქუჩაში, დაესხა პოლიცია და იჭერდა.

ძალიან გთხოვთ, ბავშვი მარტო არის რიგაში, სწავლობს, ძალიან კარგი სტუდენტია, ეგეც შეგიძლიათ მოიკითხოთ და ნუ აუშლით ნერვებს, ძალიან დამავალებთ. აჩვენებს თან მის საბუთს, რომ არ არის ჩვეულებრივი ტურისტი. – ამბობს მაკუნა გამცემლიძე „მონიტორის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში.


გერმანულმა მედიაგამოცემა „შპიგელმა“ ჰამბურგის პოლიციის მუშაობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს ერთ-ერთი ეპიზოდი ქართველებთან მომხდარ ინციდენტს ეხებოდა. ახალგაზრდა კაცი გერმანელ სამართალდამცველს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების შესახებ ეკამათებოდა. კამათისას მან ახსენა, რომ არ იყო „ჩვეულებრივი ტურისტი“, ასევე ახსენა „საქართველოს პარლამენტი“ და მიმართა, რომ მათ ახლა „პრობლემები შეექმნებოდათ“.