ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე ბრალდებულ ივა ტყეშელაშვილს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე ბრალდებულ ივა ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.

ადვოკატი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა, თავად ტყეშელაშვილი კი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

ტყეშელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპორტსმენ ბექა ონიანის დეიდა „პუბლიკასთან” ამბობს, რომ ბექა ონიანი მძიმე ტრავმებით გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში და ხელოვნურ კომაში იმყოფება.

დეიდის ინფორმაციით, 16 მაისს სპორტის სასახლეში გამართული მატჩის შემდეგ დაპირისპირება მოხდა ორ სხვადასხვა პირს შორის, თუმცა კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა. მისი თქმით, ამ კონფლიქტთან არ ჰქონია კავშირი ონიანს, თუმცა მოგვიანებით, გასახდელიდან გამოსულს მას გარეთ დახვდა ერთი პირი და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ახალი სპორტის სასახლეში იყო თამაში, დინამოსა და თსუ-ს შორის. ბექა დინამოს გუნდში თამაშობს და ორ სხვადასხვა ადამიანს შორის მოხდა კონფლიქტი, კონფლიქტი ისეთი არაფერი, მალევე აღმოიფხვრა, გუშინ ხდება ეს. შემდეგ, როცა ბექა გასახდელიდან გამოდის, პარკინგზე ხვდება თსუ-ს გუნდის, მაგ გუნდში მოღვაწე ბიჭი, შესაბამისად, მანქანაში ელოდება, ხედავს, რომ ბექა მიდის მანქანასთან და გადმოდის და აყენებს სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმებს და ადგილიდან გარბის.

ბექა გადმოყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში, აქვს ძალიან მძიმე ტრავმები, ხელოვნურ კომაშია, თავის ძვალი აქვს ახდილი, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მხარეს, თუმცაღა თავის ტვინის წნევამ თუ მოიმატა, ამბობენ, რომ შეიძლება, მეორე მხარესაც გავხსნათო. კრიტიკულად მძიმეა მდგომარეობაში…“, – აღნიშნავს ის.