ბერაია: გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში, თავდაცვის კომიტეტში, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს აპატურაის უსმენენ.

აპატურაის მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, სხდომის დახურვამდე სტუმარს და კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო არასოდეს ყოფილა ნატოსთან ისე ახლოს, როგორც ახლაა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია. მისივე თქმით, მომავლის ნატოს, რომელიც ახალი გამოწვევების წინაშე დგას, სჭირდება ისეთი პასუხისმგებლობიანი მოკავშირე, როგორიც საქართველოა.

„ბატონი აპატურაი საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის გაღრმავებაში.

ნატოში ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველოს ნატოს გაძლიერებული ასპირანტი პარტნიორია, ფლობს ალიანსში გაწევრების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასდროს ყოფილა ნატოსთან ისე ახლოს როგორც დღეს.

იმ პირობებში, როცა საფრთხის წინაშე დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როცა რუსეთის ფედერაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უსასტიკეს ომს აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, სუვერენული ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაძიერება და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია.

მომავლის ნატოს, რომელიც დგას ახალი გამოწვევების წინაშე, სჭირდება ისეთი პასუხისმგებლობიანი მოკავშირე, როგორიც არის საქართველო. მივესალმებით ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულებას, იმის ხაზგასმას, რომ მესამე ძალა ვეტოს ა დაადებს და ქვეყნები თავად ირჩევენ ალიანსებს. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკესა და ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ აისახება ეს ასპექტები და დაკონკრეტდება საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა“. – განაცხადა ბერაიამ.