ბერბოკი: „ქართული ოცნება" სერიოზულად აზარალებს გერმანიასთან ათწლეულების პარტნიორობას

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” ქმედებების შედეგად გერმანიამ შეაჩერა დახმარების პროექტები, ასევე, განიხილება დამატებითი ზომების მიღებაც.

„რამდენი კვირის განმავლობაში ათობით ათასი ქართველი გამბედავად იბრძვის ევროპული მომავლისთვის – საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას უნდა, ქვეყანამ თავისი ევროპული გზა გააგრძელოს, თუმცა „ქართული ოცნება“ რეაგირებს დაშინებითა და ძალადობით. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაკავშირებული იყო რეფორმების შესახებ პირობებთან – თუმცა ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ უნდა განვიხილოთ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებაც.

„ქართული ოცნება“, ასევე, სერიოზულად აზარალებს გერმანიასთან ათწლეულების პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობა და შევაჩერეთ 200 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პროექტები. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, განვიხილავთ დამატებით ზომებს. ახლა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელ პირებზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველებისთვის რეალური პერსპექტივის შესათავაზებლად“, – აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

23 დეკემბერს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გაავრცელა განცხადება, რომ გერმანიამ საქართველოში €237 მილიონის ღირებულების სახელმწიფო პროექტები შეაჩერა – კერძოდ, შეწყდა მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.