პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
„მივესალმები 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ივნისს შეკრების შეწყვეტის ღონისძიებისას, სახელმწიფოს ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება სამართალდამცავებზე თავდასხმისა და სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული შტურმის მოსაგერიებლად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არის დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება.
ცალკეულ შემთხვევებში, რასაც ჩვენვე წლებია ვადასტურებთ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი მხრიდან ძალის არაპროპორციულობას – კერძოდ კინეტიკური საშუალებების, არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიები) გამოყენების შემთხვევებში, რაც, სასამართლოს განმარტებით, მათ შორის ეფუძნებოდა არასათანადო რეგულაციებს. საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
დიდი პალატის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გიორგი გახარიას გამამართლებელ მტკიცებულებად წარადგენს სასამართლოში. 20 ივნისის საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და ამ დანაშაულის ავტორები და ორგანიზატორები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას. პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, თითქოს ამ გადაწყვეტილებაში საუბარია გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არის უტიფარი ტყუილი“,- წერს ბერდია სიჭინავა.
2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.
განმცხადებლებს შორის იყვნენ როგორც რიგითი დემონსტრანტები, ისე — ჟურნალისტები. მათ უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“.
დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.
ეს ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ეფექტიან დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას იმ შემთხვევებში, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანი იქნა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.
დიდმა პალატამ არ დაადასტურა საქართველოს მთავრობის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე შიდასამართლებრივი საშუალებები ამოწურული იყო.
- ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-3— წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი;
- ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-10 — გამოხატვის თავისუფლების მუხლი;
- ერთხმად ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები შეუთავსებელია ამ საჩივრების არსებით ნაწილთან;
- სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ არ არსებობს კონვენციის მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) საფუძველზე საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი მხარის განხილვის საჭიროება;
- ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის 38-ე მუხლით დაცული — სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება.